X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

2022 წელს შიდა ქართლში 32 მილიონი ლარის 370 პროექტი დაფინანსდა

21 დეკემბერი 2022

,,შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე და დასრულებული  ინფრასტრუქტურული პროექტები, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მერებთან ერთად.  მინდა ავღნიშნო, რომ შიდა ქართლი საქართველოს მასშტაბით ლიდერია შესრულებების ნაწილში. წელს რეგიონში 32 მილიონი ლარის ოდენობის,  დაახლოებით, 370 პროექტი დაფინანსდა. პროექტები განსხვავდება თავისი მასშტაბებით. წელს ამ 32 მილიონიდან 8 მილიონი ლარი მიიმართა წყალმომარაგების პროექტებზე. კარგი მაგალითია ტყვიავის წყალმომარაგების პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ლარი იყო, ამიერიდან აქ  მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.

შიდა ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის გზის რეაბილიტაციის პროექტი  ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას და ეზოში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ქალაქ კასპში, ასევე, მიმდინარეობს  ერთ-ერთი ცენტრალური, კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. პროექტი რეგიონების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ფინანსდება. ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ხელს შეუწყობს ქალაქში შესასვლელი აღმაშენებლის ქუჩის განტვირთვას.